სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ბავშვის აღზრდა რთული და კომპლექსური პროცესია, რაშიც უმნიშვნელოვანესი და უნიკალური როლი აქვს როგორც დედას, ასევე მამას. მშობლები აღზრდის პროცესში ხშირად უშვებენ შეცდომებს და ვერც კი აცნობიერებენ, თუ რამხელა ტრავმას აყენებენ ბავშვს. 

 რა როლი აქვს ბავშვის აღზრდის პროცესში დედას და მამას, როგორ აისახება ბავშვზე დედის დომინანტობა ოჯახში და შეიძლება თუ არა, დედის ან მამის გარეშე ბავშვი სრულფასოვნად გაიზარდოს, ამ საკითხებზე გვესაუბრება „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი, ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე.

 

რამდენად მნიშვნელოვანია დედის და მამის როლი ბავშვის აღზრდაში?


– ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის როლი ძალზე მნიშვნელოვანია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დედის სიყვარული უპირობოა, ანუ ქალში დედობრივი ინსტინქტი თავიდანვეა და მას შვილი უპირობოდ უყვარს, მიუხედავად იმისა, რამდენად არის ის დადებითი თვისებებით დაჯილდოებული. რაც შეეხება მამას, მის სიყვარულს დამსახურება და მოპოვება ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, ხშირად, აღზრდის პროცესში
ბავშვს მიუთითებენ ხოლმე, რომ „მამას ეწყინება, მამა გაბრაზდება, თუკი შენ ამას ასე არ გააკეთებ“. ფაქტობრივად, ბავშვი ცდილობს, დაიმსახუროს ორივე მშობლის სიყვარული, მაგრამ განსაკუთრებულად ხაზგასმულია მამის სიყვარულის დამსახურება. მამა და ბავშვი თავიდანვე სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას და ერთმანეთის სიყვარულს. აქედან გამომდინარე, მამის სიყვარული იწოდება პირობითად, რაკი მას ბავშვი მოიპოვებს.

კონკრეტულად, ბავშვის აღზრდაში რა როლი აქვს დედას და რა – მამას?


– ამას განსაზღვრავს კულტურა და ტრადიციები, მაგრამ ზოგადად ის, რომ ბავშვი უფრო დედისგან მოელის მიტევებას, უფრო მეტი სითბოს გამოხატვას და ალერსს, ეს იგრძნობა სქესთაშორის განსხვავებებიდან გამომდინარე. ტრადიციული გენდერული მიდგომების თანახმად, ქალს მიეწერებოდა როლი, რომ ის უნდა ყოფილიყო პასიური, ოჯახზე ორიენტირებული, ემოციური, თბილი, მომთმენი და, შესაბამისად, შვილები ამ თვისებების გამოვლენას მოელოდნენ დედისგან; ხოლო, მამაკაცი უნდა ყოფილიყო მკაცრი, მებრძოლი, გარემოზე ორიენტირებული, სიტყვაძვირი, ოჯახში შემომტანი და სხვა. სწორედ ამდაგვარ ქცევას მოელოდნენ მამისგან. ცივილიზაციის ცვალებადობასთან ერთად, თანდათანობით შეიცვალა გარკვეული დამოკიდებულებები, შესაბამისად, შეიცვალა ქალისა და მამაკაცის როლი და ამ როლების გამოვლენა და დემონსტრირება შვილთან ურთიერთობაში. მაგალითად, თანამედროვეობაში მამაკაცი და ქალი ხშირად თვითონ თანხმდებიან, როგორ გადაანაწილონ როლები როგორც ოჯახურ ურთიერობაში, ასევე, შვილთან მიმართებაში. თუ ვთქვათ, ადრე მხოლოდ ტრადიციული მიდგომა იძლეოდა ყველა იმ მოდელს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მეუღლე, დედა ან მამა, ამ მხრივ თანამედროვეობამ და ცივილიზაციამ გარკვეული კორექტივები შეიტანა. თანამედროვე მშობლები ინაწილებენ ნებისმიერ საქმიანობას ოჯახში ინდივიდუალური შეთანხმებისამებრ და ასევე, ნებისმიერ სააღმზრდელო პროცესს ბავშვთან მიმართებაში.

 

დღევანდელ საქართველოში, ძალიან ბევრ ოჯახში დედა გახდა ოჯახის მარჩენალი და შესაბამისად, გადამწყვეტი სიტყვაც მას ეკუთვნის, რაც ტრადიციულად მამას მიეწერებოდა. ეს როგორ აისახება ბავშვებზე?


მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციები ბევრ რამეს განსაზღვრავს, არანაკლებ ბევრ რამეს განსაზღვრავს კონკრეტული ოჯახის ინდივიდუალური სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ძალიან ძნელია, აიღო რაღაც მოდელი. არის ზოგადი სტრუქტურა, რაც განპირობებულია კულტურათა და სქესთაშორის განსხვავებით, მაგრამ წყვილს შორის გადამწყვეტი როლი მაინც ინდივიდუალურ შეთანხმებას ენიჭება, რაც ბავშვის აღზრდაშიც გამოიხატება. ამიტომ, თუ თანამედროვე ოჯახში ქალს აქვს მეტი შემოსავალი და ეს აძლევს მას შესაძლებლობას და უფლებამოსილებას, განკარგოს ყველა საკითხი, ეს ისევე მიუღებელია, როგორც მამაკაცის მხრიდან იგივე საქციელი. ანუ რომელიმე მეუღლის დომინანტობის უკიდურესი გამოხატვა, არც ერთ შემთხვევაში არ მიიჩნევა ჯანსაღ ოჯახურ გარემოდ. არ აქვს მნიშვნელობა, ტირანიისკენ დედა იხრება თუ მამა, ასეთ ოჯახში ბავშვი ყველა შემთხვევაში ტრავმულ გარემოში იზრდება. რამდენადაც დედის კულტი საქართველოში ძლიერია, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ორმაგად მატრავმირებელი აღმოჩნდეს, როდესაც ოჯახში დედა იხრება ტირანიისკენ. თუმცაღა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედა, რომელიც აქტიურია, სოციალურად და ფინანსურად ძლიერად დგას ფეხზე, არ არის მისაღები ოჯახისთვის და შვილისთვის, პირიქით. გააჩნია, ასეთ ქალს როგორი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან. თუ ცოლსა და ქმარს ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, რაც სიყვარულსა და პატივისცემაზეა აგებული, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი ტიპის როლი გადაანაწილონ ჰარმონიულად, რაც უწინარესად აისახება ბავშვის აღზრდაზე. შესაძლოა, მამას ჰქონდეს ფული, ის იყოს შემომტანი, მაგრამ გარკვეული პიროვნული მახასიათებლებით დედა იხრებოდეს ტირანიისკენ, ანუ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, პოპულარული თემა – ეკონომიკური მდგომარეობა – არ არის საკმარისი ასპექტი იმისთვის, რომ ბავშვი ჯანსაღად ან არაჯანსაღად აღიზარდოს.

როდესაც ოჯახში არ არის ან დედა ან მამა, ასეთ ოჯახში სრულფასოვნად იზრდება ბავშვი?

– რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ბავშვს ჰყავდეს ორივე, რადგან დედას აქვს თავისი უნიკალური როლი, რასაც ვერ შეცვლის მამა და პირიქით. აქედან გამომდინარე, დასანანია, როდესაც ეს ბალანსი ირღვევა. აღზრდის პროცესი ძალიან რთული, მნიშვნელოვანი და კომპლექსურია, შესაბამისად, ბავშვისადმი ჯანსაღი დამოკიდებულებით, გაწონასწორებული, პიროვნული თვისებებით და რეალობის ადეკვატური აღქმით, ერთ მშობელს ნამდვილად შეუძლია, აღზარდოს ბავშვი დამატებითი ტრავმების გარეშე. ბავშვი გადის სოციალიზაციის

ბევრ ეტაპს და დედისა და მამის გარდა, მის ცხოვრებაში შემოდის ბევრი სხვა უფროსის ხატი.

 

შესაძლოა, რომ ბებიამ ჩაანაცვლოს დედა, ბაბუამ ან ბიძამ – მამა და ასე შემდეგ?

– გარკვეულწილად, ეს შესაძლებელია, ოღონდ არა პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ბებია ვერასოდეს იქნება დედა და ბაბუა

– მამა. აქედან გამომდინარე, ბავშვის მოტყუება არ შეიძლება, მაგრამ ის, რომ ბავშვს არ ჰყავს მამა და სამაგიეროდ, ჰყავს ბიძა, მამინაცვალი, ბაბუა ან სამივე ერთად, ბუნებრივია, ეს ადამიანები გარკვეულწილად ახდენენ მნიშვნელოვანი მამაკაცის, მამის როლის, კომპენსაციას. ამიტომ ასეთ ოჯახებში შეიძლება უფრო ჰარმონიულად გაიზარდოს ბავშვი, ვიდრე ისეთ ოჯახებში, სადაც ბიოლოგიური დედაც არის და მამაც, მაგრამ არაჯანსაღი გარემოა. ანუ, თუკი მამას და დედას კარგად არ აქვთ თავიანთი როლი და მოვალეობა გაცნობიერებული და არ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად კარგად შეასრულონ ეს როლი შვილთან მიმართებაში, მაშინ ჯანსაღი აღზრდის პროცესი დარღვეულია და ასეთ გარემოში ბავშვის აღზრდას აჯობებს, ერთმა მშობელმა ცალკე შეუქმნას ბავშვს აღზრდისთვის სასურველი გარემო. რაც უნდა ძვირფასი იყოს ერთი ადამიანი და რაც უნდა უნიკალური როლი ჰქონდეს მას, თუ ის ამ როლს ბავშვისთვის მისაღები ფორმით ვერ ახორციელებს, მას მაინც აყენებს ტრავმას.

 

მასალა მოგვაწოდა

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player