სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რა პრობლემას ქმნის გარდატეხის ასაკი და რატომ იკეტებიან ახალგაზრდები ამ დროს საკუთარ თავში

 


ამბობენ, ადამიანისთვის ყველაზე კრიტიკული ასაკი გარდატეხის პერიოდიაო. თინეიჯერები მწვავედ განიცდიან იმ ცვლილებებს, რომელიც ერთი შეხედვითაც ეტყობათ. ბევრმათგანს სახეზე და ტანზე გაჩენილი გამონაყარი დეპრესიაში აგდებს. ისინი ცდილობენ, თანატოლებთან კონტაქტი გაწყვიტონ, ჩაიკეტონ და თავი დაიტანჯონ. ეს კი სრულიად ბუნებრივი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანისთვის ამ ასაკში. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ თბილისის დერმატო-ვენეროლოგიის ასოციაციის თავმჯდომარეს, სოსო კობახიძეს: გამონაყარი ჩნდება 14-15 წლის გოგო-ბიჭებში. ძირითადად – სახეზე, გულ-მკერდის და ზურგის არეში. ეს არის კლასიკური ვულგარული აკნე. აკნე 10-დან 25 წლამდე ასაკის მოსახლეობის, დაახლოებით, 80 პროცენტს ახასიათებს. მით უმეტეს, ეს დამოკიდებულია ჰორმონის, ტესტოსტერონის, გამოყოფაზე. რასაკვირველია, აკნე არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, მაგრამ მან შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქო-სოციალური დეგრადაცია, როცა თინეიჯერები სახეზე გამონაყარით არ მიდიან სკოლაში, ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში იმის გამო, რომ ეშინიათ.

ამ მდგომარეობას შიშთან რა კავშირი აქვს?

ეშინიათ, თანატოლებმა არ დასცინონ და ამის გამო იზოლირებულად ურჩევნიათ ყოფნა. ამ მდგომარეობამ შესაძლოა, მოზარდი სუიციდამდეც კი მიიყვანოს. არადა, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. პირადად მე უამრავი მითი მსმენია აკნეს შესახებ, მაგალითად, როდესაც ახალგაზრდას ეუბნებიან: გათხოვდები, გაგივლის, ცოლის მოყვანა გჭირდება და ასე შემდეგ. ეს არ არის სიმართლე. სხვათა შორის, ბევრი ექიმი იმყოფება ამ მითების ტყვეობაში. პაციენტებს ათასგვარ სისულელეს ურჩევენ; უკრძალავენ შოკოლადს, ტკბილეულს.

გამონაყარის დროს, გარდატეხის ასაკში, დიეტა არ არის მართებული?

კანის ცხიმიანობა დამოკიდებულია ჰორმონებზე. არ შეიძლება, აკნე ჰქონდეს 50 წლის ადამიანს ან ასი წლისას, რაც უნდა ბევრი ტკბილეული მიირთვას. აქედან გამომდინარე, გამონაყარი არ არის დამოკიდებული კვებაზე.

რამდენ ხანს მოიცავს აკნეს მკურნალობა?

აკნეს მკურნალობა მოიცავს, მინიმუმ, 3-4 თვეს. ძირითადად, გასათვალისწინებელია სამი ფაქტორი, კერძოდ, ჯერ უნდა შემცირდეს ცხიმოვნება, დაცობილი სადინარები უნდა გაიხსნას და შემდეგ ჩაცხრეს ანთება. 

ბევრი მშობელი შვილს სისხლის გადასხმას ურჩევს. რამდენად არის ეს მართებული?

სისხლის გადასხმას, ანუ ვენიდან გამოღებას მიმართავდნენ მაშინ, როცა სპეციალური წამლები არ არსებობდა. დღეს მედიცინაში აკნეს სამკურნალოდ უამრავი პრეპარატი არსებობს. ეს წამლები მთლიანად არჩენს აკნეს.

წამლის დანიშვნა ინდივიდუალურად ხდება?

რასაკვირველია, თუმცა არსებობს წამლები, რომლებსაც ექიმი უნიშნავს კონკრეტულ ადამიანს და არსებობს აკნეს წამლები, რომლებიც პაციენტს შეუძლია, თავად მიიღოს პროცესის დასაწყისში. აკნე, ძირითადად, შუბლის არედან იწყებს განვითარებას. ურეცეპტო წამლები შეუძლიათ, ამ დროს მიიღონ, მაგრამ, თუ უკვე ჩამოყალიბებული, საშუალო და მძიმე აკნე მიმდინარეობას, ამ დროს ექიმმა პაციენტს ინდივიდუალურად უნდა დაუნიშნოს მედიკამენტები. ბევრ შემთხვევაში კი, ადგილობრივი თერაპია სრულიად საკმარისია.

ახალგაზრდები ამჯობინებენ, აკნე ტონალური კრემებით დაფარონ. ეს მისაღებია?

ეს კრემები შეიცავს მიკროკრისტალებს, სადინარებს აცობს. ის ერთჯერადად შეიძლება გამოიყენონ, მაგალითად, თუ დაბადების დღეზე, წვეულებაზე ან ქორწილში მიდიან.

არასწორად ნამკურნალევი აკნე რა გართულებებს იწვევს?

არასწორად ნამკურნალევი აკნე ყველაზე ხშირად ნაწიბურებს ტოვებს, რომლის შემდგომი მკურნალობა მართლაც ძნელია – მოითხოვს დიდ თანხებს. ესთეტიკური თვალსაზრისითაც მეტად არასასიამოვნოა. ამიტომ ვაფრთხილებ ახალგაზრდებს, რომ თინეიჯერულ ასაკში მოერიდონ კანზე გამონაყარის ხელით წვალებას, კოვზით გაწმენდას და ასე შემდეგ. ეს ტანჯვა-წვალება იქამდე გრძელდება, სანამ ჰორმონი ტესტოსტერონი არ გამომუშავდება. დასაწყისისთვის მათ შეუძლიათ მიიღონ აფთიაქში ნაყიდი ურეცეპტო წამლები, შემდეგ კი – ანტიბიოტიკების შემცველი წამლები თუ სითხეები, A ვიტამინის შემცველი ტაბლეტები და სხვა. სჯობს, ექიმმა დაგინიშნოთ დროული მკურნალობა, ეს პრობლემებს აგარიდებთ თავიდან.

 

მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player