სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ლარინგიტი (laryngitis, ბერძ. larynx, laryngos –ხორხი) _ ხორხის ანთებაა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ლარინგიტს. ლარინგიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია მრვი-ის, ყივანახველას და ქუნთრუშას ინფექციების დროს.

 

 

ლარინგიტის კლინიკა: სახმო იოგები ლარინგიტის დროს კარგავენ ვიბრაციის უნარს, მათი მოძრაობა შეზღუდულია, ავადმყოფს ხმა ეხლიჩება ან სრულად ეკარგება. სუნთქვა გართულებულია, მსტვინავია და ვითარდება მტკივნეული მყეფავი ხველა. სასუნთქი გზების დახშობა ხშირად შეიძლება იყოს ძალზე სერიოზული, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ შემთხვევაში საუბრობენ ე.წ. “ცრუ კრუპის” შესახებ. იგი შეიძლება განვითარდეს ასევე როგორც დამოუკიდებელი დაავადება _ ხმის გადაძაბვის დროს, ორთქლისა და გაზის, მტვრიანი ჰაერის ჩასუნთქვის დროს, სიგარეტის მოწევის, სპირტიანი სასმელების გამოყენების დროს. მწვავე ლარინგიტს ახასიათებს ხორხის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება, აღინიშნება იოგების გასქელება და არასრული დახურვა. გრიპის დროს ხორხის ლორწოვანზე შეინიშნება სისხლჩაქცევები (ჰემორაგიული ლარინგიტი).

 

ანთებითი პროცესი შეიძლება გავრცელდეს ხორხის მთელს ლორწოვანზე ან მის ნაწილზე (იზოლირებული ლარინგიტი). ლარინგიტის დროს პაციენტები უჩივიან სიმშრალესა და ფხაჭვნის შეგრძნებას ყელში, ყლაპვის დროს ტკივილს, დასაწყისში მშრალ, ხოლო შემდეგ პროდუქციულ (ნახველიან) ხველას. მწვავე ლარინგიტს შეიძლება ახლდეს თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება. ლარინგიტის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 7-10 დღეს არ აღემატება. სიცოცხლისათვის საშიშია მწვავე იოგქვეშა ლარინგიტი, რომელიც ხშირად ხორხის სტენოზით რთულდება.

 

ადრეული ასაკის ბავშვებში ანთება შეიძლება განვითარდეს ფარულად, ძილის დროს. ამ დროს ლორწოვანის შეშუპება ავიწროვებს ხორხის სანათურს, ჰაერის შესასვლელს (ცრუ კრუპი). ამის გამო ირღვევა ჩასუნთქვის პროცესი: სუნთქვა ხდება ხმაურიანი, ბავშვი ტირის, აგზნებულია. მძიმე შემთხვევაში ჟანგბადის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ფუნქციის მოშლა, გონების დაკარგვა კომატოზურ მდგომარეობამდე.

 

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ყელ-ყურ-ცხვირის ან პედიატრიულ კლინიკაში.

მკურნალობა: მკურნალობა მიმართულია ლარინგიტის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისაკენ. 5-7 დღის განმავლობაში პაციენტს ეკრძალება ხმამაღლა საუბარი, მოწევა, სპირტიანი სასმელენი და ცხარე საკვები. ავადმყოფი უნდა გაუფრთხილდეს ხმას, რამდენიმე დღე არ უნდა ილაპარაკოს და ისუნთქოს თბილი და ნესტიანი ჰაერი. ამ დროს რეკომენდებულია ორთქლის თბილი ინგალაცია 15-20 წთ-ის განმავლობაში ყოველ 2-3 სთ-ში. ასევე უნდა მოერიდოს სიცივეში გასვლას, გაბოლილ ოთახში ყოფნას და ნისლში სიარულს. პაციენტს უნიშნავენ თბილ სითხეებს (რძე, ბორჯომი), ყელში სავლები ხსნარები (გვირილა, გულყვითელა, ევკალიპტი და სხვა), თბილი ტუტოვანი ინგალაცია, სითბო და დამათბობელი კომპრესები კისერზე, ფეხებზე ცხელი აბაზანა. იყენებენ ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ასევე ფიზიოთერაპიულ პროცედურებს (უმს, ელექტროფორეზი, ლაზერი და სხვა). ქრონიკული ჰიპერტროფიული ლარინგიტის დროს ხორხის ლორწოვანის ჰიპერპლაზიურ უბნებს წვავენ 3-5%-იანი ვერცხლის ნიტრატით ან კვეთავენ ქირურგიული მეთოდით. ქრონიკული ატროფიული ლარინგიტის დროს იყენებენ ტუტოვან და ზეთოვან ინგალაციებს, ხორხში უსვამენ ლუგოლის და გლიცერინის ხსნარებს. ქერქების უფრო იოლად მოცილების მიზნით უნიშნავენ პროტეოლიზურ ფერმენტებს (ქემოტრიპსინი, ტრიფსინი, ქემოპსინი და სხვა) აეროზოლების სახით.

 

მწვავე ლარინგიტის პროგნოზი კეთილსაიმედოა, ხანდახან შესაძლებელია მისი ქრონიკულში გადასვლა. ქრონიკული ლარინგიტის გამოსავალი კი დამოკიდებულია მის ფორმაზე. ქრონიკული ჰიპერტროფიული და ატროფიული ლარინგიტის დროს სრული გამოჯანმრთელება არ ხდება. პროფილაქტიკა მიმართულია გამომწვევი მიზეზისაგან თავის არიდებისაკენ.

მასლამა მოგვაწოდა:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი ლია ლომიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player